Saturday, May 18, 2013

ცოფი


სათქმელი ბევრი არც არაფერია, გარდა იმისა, რაც გუშინ უკვე მრავალმა მეგობარმა და თანამოაზრემ დააფიქსირა.

გუშინდელი მომხდარი, ისევე, როგორც ქართველი მუსლიმების მიმართ შეუწყნარებლობის ბოლოდროინდელი ფაქტები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრობლემა “უბრალოდ“ სექსუალური ორიენტაციის თუ სარწმუნოების კუთხით ადამიანების სიძულვილი არ არის. ალბათ სწორედ ამის მიხვედრაა იმის მიზეზი, რომ გუშინდელი ძალადობის მერე ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა ლგბტ-აქტივისტებს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. 

საქმე გვაქვს, როგორც უკვე ითქვა, ძალიან მარტივ ფაშისტურ ლოგიკასთან, რომელიც ხვალ ან ზეგ იგივე წარმატებით დაერევა, მაგალითად, მაჯაზე საათის მატარებელ ან ჯინსებში ჩაცმულ ადამიანებს იმიტომ, რომ ფაშისტური ძალისთვის ერთადერთი რამაა მთავარი: მას ჰაერივით ესაჭიროება რომელიმე ჯგუფის მტრად ან კეთროვნად იდენტიფიცირება, რათა შემდეგ მის დევნასა და განადგურებას მიჰყოს ხელი და ამ გზით ჩამოიყალიბოს საკუთარი იდენტობა, რომელიც საბოლოო ჯამში მთლიანად მტრის ხატის შექმნასა და მასთან ბრძოლაზეა დამოკიდებული.  

მაჯაზე საათის მატარებელი ან ჯინსებში ჩაცმული ადამიანების მაგალითი არ არის უბრალოდ გადაჭარბება. გუშინდელი მოვლენების ამსახველი ერთერთი კადრი ყველანაირ ახსნაზე და არგუმენტაციაზე უფრო მეტყველია: “პიდარასტების ძებნაში“ გავეშებულ ბრბოს მისივე წვერ-ულვაშიანი წევრი “პიდარასტში“ აერია და მის ჩაქოლვას შეუდგა. მართალია დასისხლიანებული მამაკაცი გაიძახდა, რომ თვითონაც “პიდარასტებს“ ეძებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პოლიციის მიერ გასარიდებელი შეიქნა. იგი იმავე ცოფიანი სიბრმავის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომლითაც სხვა ადამიანების ფიზიონომიებში ცდილობდა სრულიად ბუნდოვანი (ამ შემთხვევაში, ვიზუალური) კრიტერიუმებით მტრული სამიზნეების ამოცნობას. 

“საქართველოს დასნეულებულ სხეულზე“ საუბრისა არ იყოს, ახლაც მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რომ ქართული იდენტობის უმწიკვლო, უხარვეზო, ყოველგვარი განსხვავებისგან დაცლილი “სხეულის“ აგრესიული ძიების გზაზე მისი შემბღალველი “ბაქტერიების“ იდენტიფიკაციის და აღმოფხვრის პროცესი თავისი არსით უსასრულოა და, კლასიკური ფაშისტური ლოგიკის შესაბამისად, არ შეჩერდება მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების დევნაზე. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნისას თუ “წმინდა“, შეურეველი ქართული სისხლის მოპოვება ხდება, რელიგიურ შეუწყნარებლობაში ამ სხეულიდან უკვე იმ ადამიანების გაძევება ხდება საჭირო, ვინც “ეთნიკურად“ ქართველები არიან, მაგრამ განსხვავებული მრწამსის გამო რატომთაც ეს წმინდა ქართული სისხლი უცებ წყლად ექცევათ. ჰომოფობიის დღევანდელი ტალღაც მორიგი ოპერაციაა, რომელსაც ქართული სხეულის ხელახლა გამოხარშვა უწევს, რადგან თურმე ნუ იტყვი და ყველა სახის ბაქტერია ბოლომდე არ მომკვდარა.

“უცხოს“ ეს დევნა თავისთავად გულისხმობს მუდმივად ახალ-ახალი ჯგუფების “უცხოებად“ შერაცხვას და მათ ლიკვიდაციას. შესაბამისად, ამ პროცესის თეორიული და ლოგიკური დასასრული მხოლოდ ქართველი ერის თვითგანადგურებაა. 

Friday, September 28, 2012

სისტემა აუცილებლად უნდა დაინგრეს


უნდა დაინგრეს ის ძალადობრივი სისტემა, რომელშიც სასამართლო, პროკურატურა და იუსტიციისა და სასჯელაღასრულების სამინისტროები ერთად არიან ჩაბმულები და რომლის მექანიზმიც ძალიან მარტივია: დაკავებულს აპრიორი ენიჭება წინასწარი პატიმრობა, რის შედეგადაც ის გადაყავთ გლდანის ნომერ მე-8 წინასწარი დაკავების საპატიმროში. იქ ამ პატიმარს ეგებება არაადამიანური მოპყრობისა და წამების მთელი მანქანა; შესაბამისად, პატიმართა დიდი რიცხვი თანხმდება საპროცესო გარიგებას და სახელმწიფოს ხაზინაც მორიგი მსხვილი თანხის შემოსვლით ხეირობს და ასფალტებს აგებს, რომლებზეც ჩვენ უსაფრთხოდ დავსეირნობთ

უნდა დაინგრეს მთლიანად საპროცესო გარიგებებზე აგებული მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც თავიდან ვითომ შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკებისთვის ფულის გამოსაღლეტად შეიქმნა, შემდეგ კი სრულიად აღვირახსნილი სახე მიიღო და მთელ საზოგადოებაზე გავრცელდა, განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და ბრალეულობის ხასიათისა. მართლმსაჯულების ეს სისტემა პროკურატურის ტელეფონებსა და საწამებელ ინსტრუმენტებს შორის არის გადებული

უნდა დაინგრეს სასჯელაღსრულების სისტემა, რომელმაც კანონიერ ქურდებთან და ზოგადად ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა ქურდული ციხისშიდა, პირველ რიგში სექსუალურ დამცირებაზე აგებული მეთოდებითვე მოისურვა და მალევე ამგვარი ავადმყოფური სადამსჯელო თუ გამოსასწორებელი მეთოდი, უკვე წმინდა სადისტური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, განურჩევლად ყველა სხვა ტიპის პატიმარზეც გაავრცელა, მცირეწლოვანი პატიმრების ჩათვლით

ძალიან კონკრეტული და რაციონალურად გათვლილი ძალადობრივი სისტემა უნდა დაინგრეს. “დაინგრეს“, რაღა თქმა უნდა, გულისხმობს ჩანაცვლებას ან გარდაქმნას და არ ჭირდება ამას კონსევატორული და მობურჟუო ისტერიკები, რომ არიქა და წარსულ სიბნელესა და ქაოსში გვაბრუნებენ. ამ სისტემის შეცვლა ელემენტარული პოლიტიკური ნების საკითხია და ამას არანაირი ციხეების ნგრევა და საყოველთაო ამნისტია არ ჭირდებაწამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთისათვის (ხელშეწყობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ხელისუფლება ნამდვილად არ უნდა დალოდებოდა საზოგადოების მხრიდან რაიმე სახის ბიძგს, რადგან საქმე არც ქალაქის გამწვანებასთან გვაქვს და არც თუნდაც პენსიების მომატებასთან. სკვერია, რომ წამებაგინდოდესან არ გინდოდეს ციხეებში? საქმე ეხება ათასნაირი საერთაშორისო კონვენციით აღებულ საფუძველმდებარე ეთიკურ და პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა არცერთ შემთხვევაში არ იქნას დაშვებული. ჩვენმა სახელმწიფომ ეს არა თუ არ გააკეთა, არამედ მთელი სისტემა ააგო სწორედ ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე

არჩევნების მერე მთელი საზოგადოება ისევე თუ არ გააქტიურდა, როგორც ბოლო დღეებში სტუდენტობა, და პერმანენტულ რეჟიმში თუ არ ურტყა ფეხებში ახლადმოსულ ხელისუფლებას, გინდ რევანშისტ-ფაშისტი ოცნება მოსულა და გინდ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თავისი ნებით ამ პრობლემის ძირეულად აღმოსაფხვრელად თითსაც არ გაანძრევს. თუ საზოგაოდებამ არ იაქტიურა და ბოლომდე არ იკისრა მორალური და პოლიტიკური ვალდებულება, რომ ეს ტრაგედია ძირისძირობამდე გამოძიებულ იქნას, რათა ერთხელ მაინც მოვახერხოთ საკუთარი ისტორიისა და შეცდომებისთვის თვალის გასწორება, მაშინ ვინც გინდა ყოფილა - სისხლსა და გატყვაბეულ, ამოშანთულ და დაკაწრულ სხეულებზე დამყნობილი წესრიგისა დააღმშენებლობისშერგება თითოეულის სინდისზე ყოფილიყოს.

Saturday, September 22, 2012

პატრიარქის საკუჭნაო და ზრდასრულთა პროტესტი


21 სექტემბერს ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ეკა ბერიძესთან საუბარში თქვენი მონა-მორჩილის მიერ გავრცელებულ, წამების კადრების ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნების გამაპროტესტებელ პეტიციაზე ემოციური შეკითხვა “შემოგვიბრუნა“: სად ვიყავით მაშინ, როცა მას და მსჯავრდებულთა ახლობლებს შიგნეულგამოცლილ და ხელახლაგაკერილ გარდაცვლილ პატიმართა გვამები გამოჰქონდათ ციხეებიდან? შეკითხვა რიტორიკულია და მასზე მე პირადად ერთადერთ პასუხი მაქვს: მაშინ საერთოდ არ ვიყავით. ის საზოგადოება, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა ხმა ამოიღო, 18 სექტემბრამდე უბრალოდ არ არსებობდა. სწორედ ამ საზოგადოების დაბადების დაგვიანებაა ჩვენი ბრალი, მაგრამ ამავე დროს საწინდარი, რომ სამოქალაქო და ზნეობრივ დონეზე ერთგვარი განწმენდის საშუალება მოგვეცეს, ხელისუფლებაზე კი რეალური ზეწოლა განვახორციელოთ და უკლებლივ ყველა რანგის დამნაშავის დასჯა მოვთხოვოთ.

შეიძლება ზედმეტად იდეალისტურია ჩემი ხედვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ გასულ დღეებში საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის მთავარი მიზეზი შემდეგი რამ იყო: გარკვეული ხანია უკვე, საზოგადოების ერთ ნაწილში მომწიფდა მზაობა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, როგორებიცაა, მაგალითად, ომები სეპარატისტულ რეგიონებთან, აღარ მოხდეს მთავარი ბრალის “გარე-მტრისთვის“ და სხვა გარეგანი ფაქტორებისთვის გადაბრალება და კონფლიქტების საფუძველი პირველ რიგში ჩვენსავე მიდგომებსა და განწყობებში მოვიძიოთ. უფრო ფართო და ღრმა სახე მიიღო ამ ტენდენციამ სწორედ ბოლო დღეებში პატიმრების წამების ვიდეო-მასალის გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც საზოგადოებამ დაინახა, რომ სანამ ცხვირში არ ააფარეს ვიზუალური მასალა, მანამდე მას არც ძალა ეყო და არც მოტივაცია, რომ ხმა აემაღლებინა პატიმრების უფლებებისათვის. ქართული საზოგადოება იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ იგი, მთელი თავისი ახლადშეძენილი კომფორტითა და უსაფრთხოებით, ძალიან ბინძურ საძირკველზე დგას, და, თავისი ზნეობრივი თვითგვემიდან გამომდინარე, უარს ამბობს, განაგრძოს სირაქლემასებრ, ბავშვურ პოზაში დარჩენა. პირველ ღამეს ფილარმონიასთან ხუთასამდე კაცის სპონტანური, არაპარტიული შეკრების, შემდეგ დღეებში კი - სამი, ოთხი და ხუთი ათასი სტუდენტის ასევე სრულიად დამოუკიდებელი გამოსვლის შედეგი იყო ის, რომ ხელისუფლებამ ვერც რუსეთის აგენტად შერაცხა რომელიმე პროტესტანტი და ვერც რაიმე სხვა კომპრომატი გაავრცელა, რათა ამ დემონსტრაციების მონაწილეთა და მათი მოთხოვნების მარგინალიზება მოეხდინა, როგორც ეს, სრულიად ბუნებრივად, ხდებოდა ბურჯანაძის, კუკავას, გრეჩიხას თუ სხვათა მიერ მართული მღვრიე, უფორმო პროტესტის დროს, და იძულებულიც გახდა, კარდინალურად ახალი ნაბიჯები გადაედგა პრობლემების მოგვარებისკენ. თსუ-სთან, მოდულთან და პროკურატურასთან შეკრებელი თითოეული სტუდენტი მყარად იდგა თავის ორ ფეხზე და არც რომელიმე “ლიდერს“ ემორჩილებოდა და არც აბსტრაქტული სლოგანების სკანდირებაში მონაწილეობდა. მართალია, მეც ჩამიარა სამმა-ოთხმა ადამიანმა, რომელიც წამოიძახებდა “მიშას რა? - დედის ...“  ანდაც წყევლას ატეხავდა ანდაც, საპატრიარქოსთან ჩავლილას, წამოიყვირებდა “პატრიარქს გაუმარჯოს!“, მაგრამ ამგვარი შეძახილები ყოველთვის ძალიან ლოკალური იყო. სტუდენტების უდიდეს უმეტესობას არანაირი სურვილი არ უჩნდებოდა ამგვარ არაადეკვატურ მოქმედებებში მონაწილეობის და მყარად მიიწევდა სრულიად კონკრეტული რამეების გასაპროტესტებლად ან მოსათხოვნად სრულიად კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებებისაკენ. (აღარ გავუსვამ ხაზს ცოცხის სიმბოლოდ გამოყენების ფაქტორს, იმიტომ რომ ამასობაში ეს ცოცხი, კიდევ კარგი, აღარ არის ერთადერთი და ყველაფრის ამომწურავი სიმბოლო.)

პირველი უსიამოვნო მომენტი შემოვიდა მაშინ, როდესაც წარმატებული დამოუკიდებელი საპროტესტო ტალღის  ორი დღის თავზე სახელისუფლებო ბინძურ თამაშებში თავფეხიანად ამოგანგლულმა სტუდენტურმა თვითმმართველობებმა გადაწყვიტეს საკუთარი ტყავის გადარჩენა და სტუდენტური პროტესტის სათავეში ჩადგომა განიზრახეს. როცა მათ დაინახეს, რომ დამოუკიდებელი სტუდენტები მათ მიერ ორგანიზებული აქციის დემაგოგიურ და ფარისევლურ მოთხოვნებს არ აყვნენ, გადაწყდა საქმეში საქართველოს პატრიარქის ავტორიტეტის ფაქტორის ჩართვა და გუშინწინ ღამით თვითმმართველობის ღრმად ღვთისმოსავი წევრები ილია მეორეს ეახლნენ. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა სტუდენტური პროტესტის დროებითი შეწყვეტის მონათვლა, როგორც პატრიარქის კურთხევით მიღებული გადაწყვეტილებისა, სახელისუფლებო არხებმაც წარმატებით აიტაცეს ეს საკითხი და დანანებით განაცხადეს, რომ “პატრიარქის მოწოდების მიუხედავად“ სტუდენტების ნაწილი კვლავაც აგრძელებს პროტესტს, ქვეყნის მეთაურს კი კვლავაც მიეცა იმ ძველებური ბრექისა და ბაქიაობის საშუალება, რისი ნასახიც კი აღარ ჩანდა წინა დღეს გიორგი ტუღუშის მინისტრად დანიშვნის დროს.

ფაქტია, რომ სწორედ იმ სამ, ოთხ  და ხუთ ათასკაციან სტუდენტურ აქციებზე, რომლებმაც რეალური შედეგი გამოიღო და აჩვენა, თუ რა არის ნამდვილი დამოუკიდებელი სამოქალაქო პროტესტი, არც ვინმეს ლიდერობა იკვეთებოდა და არც პატრიარქის ავტორიტეტზე რაიმე სახის აპელირება ან ამ ავტორიტეტის თუნდაც ირიბი რელევანტურობა პროტესტის საგანთან მიმართებაში. პატრიარქზე აპელირება მხოლოდ თვითმმართველობის გამოჩენისა და ისეთი პოლიტიკური თამაშებისა და რელიგიური რევერანსების შედეგია, რაც 19 და 20 სექტემბერს შეკრებილ სტუდენტებს არც ეტყობოდათ და არც ჭირდებოდათ, რადგან მათ, ყოველგვარი ზემდგომი რელიგიური თუ პოლიტიკური ავტორიტეტის გარეშე, ზუსტად იცოდნენ, რატომ და რას აპროტესტებდნენ.

სწორედ ამ მთელი სულითა და გულით მისასალმებელი ახლებური საზოგადოებრივი ზრდასრულობის კონტექსტშია განსაკუთრებით მიუღებელი და დამთრგუნველი პატრიარქის ის განცხადება, რომ “ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ, არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს.“ წესით ამ ფრაზას არ უნდა ჭირდებოდეს ბევრი გარჩევა, მაგრამ, რადგან ზოგიერთს მაინც უჩნდება განცდა, რომ პატრიარქს “ტალახს“ ტყუილად ესვრიან, ჩავუღრმავდეთ წინადადების თითოეულ ნაწილს:

“ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც“ - ასეთი რამ ხდება, მხოლოდ ისეთ “სხვა“ ქვეყნებშიც, რომელთა სამაგალითოდ აღებისგანაც იმავე ღმერთმა დაგვიფაროს, რომლის შუამავალიც თავად საქართველოს პატრიარქია.

“მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ“ - სწორედ რადგან არც ხელისუფლებამ გამოიტანა საქვეყნოდ და საზოგადოებამაც წაუყრუა ამ პრობლემის არსებობის სერიოზულ ნიშნებს, სანამ აღარც ერთს და აღარც მეორეს აღარ დარჩა ამ კატასტროფის იგნორირების შანსი, ამიტომაც მივიდა ეს პრობლემა ასეთ უკიდურეს ფორმამდე.

“არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს.“ - ზემოთა კომენტარიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ არავინ “თვითონ“ არაფერს არ შეასწორებდა, რომ არა სწორედ საზოგადოების მხრიდან ატეხილი ხმაური და ის “თავის მოჭრა“, რაც თურმე ყველაზე დიდი პრობლემა ყოფილა ამ ვითარებაში.

სამწუხაროა, რომ საქართველოსათვის სწორედ ის ყველაზე მტკივნეული პრობლემები, როგორებიცაა შიდაოჯახური ძალადობა ან პატიმრების წამება საპატრიარქოსთვის ის საკითხებია, რომელთა არა გამოაშკარავება უნდა მოხდეს, არამედ, პირიქით, მიჩქმალვა. ცინიზმის ელემენტებს შეიცავს ასეთი მიდგომა ისეთ რელიგიურ კულტურაში, რომელიც თითო სამარხო ლუკმიდან დაწყებული წირვაზე თითო სანთლის დანთებით დამთავრებული ყველა (წესით ყველაზე საიდუმლო და ინტიმურ) რელიგიურ-რიტუალურ ქმედებას პორნოგრაფიული ინტენსივობით ამჟღვნებს, გარეგნულს ხდის, აუფასურებს და საყოველთაო ჭორაობისა და სოციალური თუ პოლიტიკური ქულების დაწერის საგნად აქცევს.

წამებასთან დაკავშირებული საზოგაოდებრივი პროტესტის მიმართ საპატრიარქოს მიერ გამოვლენილი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ თანამედროვე ქართულ რელიგიურ სისტემაში არანაირი რეალური მზაობა და რესურსები არ არსებობს იმისათვის, რომ მან საზოგადოების მომწიფებასა და ზრდასრულად ქცევას ფეხი აუწყოს და, როგორც ძალაუფლების მპყრობელმა ინსტიტუციამ, გარკვეულწილად დათმოს საზოგადოებრივი აზრის მართვის ექსკლუზიურობაზე პრეტენზია და ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივობის გამოღვიძების ტენდენციას. თუმცა, ეჭვი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ სწორედ ის სამი, ოთხი და ხუთი ათასი დამოუკიდებლად და ორ ფეხზე მყარად მოსიარულე სტუდენტი, რომელსაც აღარ ეხუმრება და რომელიც აღარც ცარიელ პათეტიკურ სლოგანებს ისვრის, არის საწინდარი ეკლესიის მხრიდან ფუნდამენტურ კომპრომისზე წამოსვლის გარდაუვალობისა. რაც არ უნდა ასეულობით სტუდენტი ეახლოს - სრულიად გულწრფელი მიზნებით - პატრიარქს და მისგან ითხოვოს შეგონება, 19 და 20 სექტემბრის სტუდენტური აქციები ცხადყოფენ, რომ დამოუკიდებელი ძლიერი სამოქალაქო ინიციატივა არსებობს და რომ ის, ყოველგვარი გარეგანი რელიგიური და პოლიტიკური ავტორიტეტისგან დამოუკიდებლად, უაღრესად ქმედუნარიანია, თუნდაც მხოლოდ სამიოდე დღის ახალშობილი იყოს იგი, რაც - კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენთვისვეა ჩვენი ბრალეულობის და დაგვიანების ნიშანი, მაგრამ, ამავე დროს, სწორედ იმ ადამიანების წინაშე გვირეცხავს ნამუსს, რომელთაც, პირდაპირი გაგებით, საკუთარ ტყავზე მოუწიათ ჩვენი გულგრილობის გემება.

არავის და პირველ რიგში ქრისტიანული რწმენის მოქადაგე რელიგიურ ინსტიტუტს აქვს იმის ზნეობრივი უფლება, თქვას, რომ ამგვარი ძალადობა არ უნდა აშკარავდებოდეს და სამზარეულოსა და კულუარებშივე უნდა გვარდებოდეს. ამგვარი მიდგომითა და მენტალიტეტით კვლავაც ხელი ეწყობა იმგვარი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც სრულიად ინფანტილურად, უარს აცხადებს, თვალი გაუსწოროს საკუთარი მოწყობის ძალადობრივ საფუძველს, იმას კი ვეღარ აცნობიერებს, რომ ციხეში ან ოჯახის კარის მიღმა ძალადობის შეკეტვა ამ ძალადობას არც აღმოფხვრის და არც შეამსუბუქებს. ციხე თავისთავად ერთგვარი რთული ნაზავია შინაგანსა და გარეგანს შორის, რომელიც საჯარო სივრცისგან მოსაშორებელ საშიშ ინდივიდს დახურულ სივრცეში კეტავს და ამით, მართალია საჯარო სივრცეს დროებით მაინც იცავს ამ ინდივიდისგან, მაგრამ ამავე დროს უნდა უზრუნველყოფდეს დახურულ სადამსჯელო სივრცეში ამ ინდივიდისადმი ისეთ მოპყრობას, რომ ციხე არ იქცეს სხეულში ჩაბრუნებულ ჩირქად, რომელიც ადრე თუ გვიან ისევ და ისევ მშვიდობიან საჯარო სივრცეს გამოუთხრის ძირს. სწორედ ასეთია დღევანდელი ქართული ციხე და სწორედ ამის შემაძრწუნებელი საბუთია გლდანის ციხიდან ზოგიერთი პატიმრის რევანშისტული შეძახილი, რომ “მაგათაც მოეკითხებათ“.

საპატრიარქოს პირველ რიგში კიდევ იმიტომ არ აქვს პატრიარქის ბოლო განცხადების მსგავსი მოწოდებების გაკეთების არანაირი მორალური უფლება, რომ წლების მანძილზე ქართულ ციხეებში აქტიურად მოღვაწეობენ ეკლესიები და მოძღვრები, რომელთაც ინტენსიური კონტაქტი ჰქონდათ პატიმრებთან და შეუძლებელი იყო, მათ არ სცოდნოდათ საპატიმროებში არსებული ჯოჯოხეთური პირობების შესახებ. გარდა იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია, თუ რამდენ ყოფილ კანონიერ ქურდსა და კრიმინალს იფარავს ეკლესია გულუხვად ჩამორიგებული ანაფორების ქვეშ (რაც თავისთავად საკითხავს ხდის, რას ეუბნებოდნენ, რით “ანუგეშებდნენ“ მოძღვრები ნაწამებ პატიმრებს) პატრიარქის უკანასკნელ ქადაგებაში კიდევ ერთხელ გამომჟღავნებული მენტალიტეტი სამწუხაროდ თავადვე პასუხობს იმ შეკითხვას, თუ რატომ დუმდა იგი აქამდე. ერთი მხრივ, ცხადია, რომ საპატრიარქოს მიერ რადიკალური პოზიციის დაკავების შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი მაშინვე აქტიურად გამოეხმაურებოდა წამოჭრილ პრობლემას, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან, როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა, საპატრიარქოს ამის არც უნარი და არც სურვილი გააჩნია, ალბათ უკეთესიცაა, რომ - პრინციპით “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ - საზოგაოდებამ, თუნდაც ტელევიზიების მხრიდან ფაქტის წინაშე დაყენების შედეგად, საკუთარი ინიციატივით და სრული თვითორგანიზებით მოახერხა პროტესტის ტალღის წამოჭრა და მართვა.  

Thursday, September 20, 2012

ცოცხის პათოლოგია


სამი ფრაგმენტული მოსაზრება




1.
ახალს აღარაფერს ვიტყვი, თუ მეც, მრავალი მეგობრის მსგავსად, განვაცხადებ, რომ პირველ რიგში ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრების, გულგრილობაა პრობლემის ამოსავალი წერტილი. ისედაც სუსტი ქართული სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი მარცხისა და ნაგვიანევი გამოღვიძების ნიშანია, რომ მაინცდამაინც ვიღაცა არამზადის მიერ წინასაარჩევნოდ არეულობის მოსაწყობად უნდა გავრცელებულიყო წლების მანძილზე დაგროვილი შემზარავი კადრები, რომ ადამიანებს ყურის წაყრუების საშუალება აღარ მისცემოდათ და ხმა აემაღლებინათ ახალაიას, შაშკინის და სააკაშვილის მთავრობის სხვა მსხვილი და წვრილი მოხელეების მიერ ჩამოყალიბებული სისტემის წინააღმდეგ. მიუღებლად და აბსურდულად მიმაჩნია ის მოსაზრება, თითქოს ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლისა და ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის მართლაც საკმაოდ თვალშისაცემი გამოსწორების საქმისთვის წამოჭიმული “ძლიერი ხელის“ სისტემამ “მოგვიანებით“ განიცადა შემთხვევითი, მატერიალური გამრუდება. სისტემა, როგორც ჩანს, თავშივე პათოლოგიური იყო და, მიუხედავად მიზნების სისწორისა, ისეთი მეთოდებით დაიწყო ქურდული მენტალიტეტისა და კრიმინოგენული ვითარების “გამოსწორება“, რაც არათუ არცერთ დამნაშავეს მენტალიტეტს არ შეუცვლის, არამედ, პირიქით, ხელსაყრელი, რევანშის საშუალების პირობებში, უარესად შემოუბრუნებს ხელს მთავრობასაც და საზოგადოებასაც, რომელიც “ქურდების“ მოშთობას კი მიესალმა, მაგრამ შემდეგ არც კი უფიქრია ციხეში მათი თუ სხვა ჩვეულებრივი პატიმრების უფლებებზე.   



2.
ერთი მხრივ, მთავრობის წარმომადგენლები თავზე ნაცარ იყრიან, თითქოს არაფერი იცოდნენ წამების სისტემური ხასიათის შესახებ, მეორე მხრივ კი, აღიარებენ, რომ პენიტენციური სისტემის აგებაში ფუნდამენტური შეცდომები იქნა დაშვებული, რაც თავისთავად ირიბად ნიშნავს, რომ პასუხი უნდა მოეთხოვოთ სწორედ იმ ზემდგომ პირებს, ვინც თავისი ხელით ააგო ეს სისტემა. ათიოდე შემსრულებლის დასჯის გარდა, მთავრობის არცერთ “მონანიე“ წარმომადგენელს არ ეტყობა იმის ნება, რომ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. საზოგადოების პროტესტი, ოღონდ ისეთი ფორმით, რომ არავის მიეცეს არჩევნების ჩაშლის საბაბი, უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ “მონანიეთ“ ამის ნება არ დაეტყობათ.



3.
გავრცელებულ ვიდეომასალაზე გამოწვეულ მძაფრ რეაქციებსა და დემონსტრაციებზე პროტესტის  გამოხატვის ფორმებში ვლინდება ერთი ღრმად პათოლოგიური ასპექტი: მთავარი შოკი გამოიწვია არა - ათიოდე ადამიანის მიერ ერთი პატიმრის რიგრიგობით ცემის კადრებმა (ეს თითქოს ბუნებრივი და ჩვეულებრივი სანახავიც კი იყო), არამედ ცოცხმა, რომელიც მწამებლებმა პატიმარს უკანალში გაუკეთეს. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში და კიდევ უფრო განსაკუთრებით ბიჭებში ამ კადრებმა და შემდეგ ცოცხის საპროტესტო სიმბოლოდ ქცევამ გამოავლინა სრულიად პერვერსიული დამოკიდებულება იმასთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება ადამიანის სხეულის ესა თუ ის ნაწილი და ორგანო იქცეს ადამიანის ღირსების შელახვის იარაღად. როგორც ტოტალურადაა მთელი ერის სექსუალური დისკურსი აგებული აღების, მიცემის, გადების, გამოდების, შედების და სხვა მსგავს ლექსიკასა და ფიგურებზე, მამაკაცის ანალური სფეროს მამაკაცისავე სასქესო ორგანოთი ან მისი ძლევამოსილების მასიმბოლიზებელი საგნებით (ცოცხით, სიგარეტით, ხელკეტით) ამგვარი იდეოლოგიური “დაკავებისადმი“ ისეთივე პანიკური შიშის გამომხატველია შსს-ს წინ ცოცხების ფრიალი, მწამებლების ცოცხებითვე წამებაზე აპელირება და ახალგაზრდა მამაკაცების მხრიდან აქციაზე მრავალჯერ მოსმენილი უკბილო ხუმრობა “ე, ბიჭო, ცოცხი არ გაგიყარო ეხლა“ და ა.შ.
როგორც ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლაში არის (სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ) სრულიად “არაეფექტური“ მამაკაცის ანალური სივრცის გამოყენება საკუთარი - პოლიციელის, მეციხოვნის (თუ მინისტრის...) - ძალაუფლებისათვის მატერიალურად ხორცის შესასხმელად, ისევე მიუღებელია, რომ პატიმრებისადმი სოლიდარობის აქციაში მონაწილეთა აზროვნება და მეტყველება ემორჩილებოდეს იმავე სექსუალური შინაარსით გაჟღენთილ იდეოლოგიას, რამაც ვიდეოკადრებში ცოცხისა თუ სიგარეტის (და გადმოცემებში, ხელკეტების) სახით შოკი, პანიკა, ზიზღი ან ბრაზი გამოიწვია. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის, რაც მივიღეთ, არა უბრალოდ ჩვენივე გულგრილობითა და გაუბედავობით დავიმართეთ, არამედ სრული სექსუალური უმწიფრობითაც.
მოგეხსენებათ, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ამიტომ, ალბათ არ იქნებოდა ურიგო, სხვა მხრივ აბსოლუტურად სამაგალითო არაპარტიულ სტუდენტურ სამოქალაქო პროტესტში აღარ იფრიალოს იმ საგანმა, რაც დაზარალებულ პატიმრებს სიმბოლურად არათუ ჩვენს სოლიდარობას გადასცემს, არამედ ძალაუნებურად მათ მორალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უსვამს ხაზს.  

Monday, September 3, 2012

საქართველოს დასნეულებული სხეული




როგორც მოსალოდნელი იყო, გოგი გვახარიას სტატია “მე დავიწყე ომი“ (რომელსაც უკვე მოყვა ლელა რეხვიაშვილის ძალიან კარგი პასუხი-გაგრძელება) მრავალის მიერ ზედმეტად პირდაპირ იქნა გაგებული, მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორი არც უშუალოდ მისი ხელიდან გასროლილ ტყვიას და ბომბას გულისხმობდა და არც - გამოკვეთილად, ბრძანების სახით, ხელისუფლებისთვის ომის დაწყების მოთხოვნას. (აღარაფერს ვამბობ “სიმხდალისა“ და “არასახელმწიფოებრივი“ აზროვნების შესახებ, რაც ამ ტექსტში ამოიკითხეს.)
წინადადება “მე დავიწყე ომი“ არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ, 2008 წლის აგვისტოს ომს, რომელშიც რეალურად პირველი ტყვია კაცმა არ იცის რომელმა მხარემ გაისროლა. გასაგებია, რომ რუსეთის ფაქტობრივი წვლილი 2008 წლის თუ ბოლო ორი ათწლეულის სხვა ქართულ ომებსა და არეულობებში უზომოა. ეს იმდენად გასაგებია, რომ თავისთავად გულუბრყვილო, ზედაპირული და არაგულწრფელიც კია, მუდმივად რუსეთზე, როგორც ყველაფრის ამხსნელ მიზეზზე, აპელირება. რომც დავუშვათ, რომ აგვისტოს ომი ფაქტობრივად რუსეთმა დაიწყო (მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, მთელ იმ წინასწარი მომზადების პროცესს, რასაც ჩრდ. კავკასიაში მანამდე ადგილი ჰქონდა), ამითი მაინც არ ბათილდება ის სიმართლე, რომ “ომი მე დავიწყე“, რადგან ომს იწყებს ნებისმიერი ცნობიერება, რომელიც საკუთარ მთლიანობაში ვერ ახერხებს დაუშვას რაიმე განსხვავებულობა და თავიდანვე მიმართულია იმაზე, რომ საკუთარი საარსებო და სააზროვნო გარემოს სრული გაერთგვაროვნება თუ ტოტალიზაცია მოახდინოს. ქართველთა უმრავლესობის ცნობიერება სწორედ ასეა მოწყობილი და ამიტომაა, რომ სადღაც ტვინის ჯურღმულებში ფრაზას “მე დავიწყე ომი“ ჯიუტად პასუხობს ფრაზა “...და მე კიდევ ბევრჯერ დავიწყებ ომს“, რადგან ასეთ ტოტალიტარულ ცნობიერებას ომის, ომის გზით განსხვავებულის აღმოფხვრის გარდა სხვა ეფექტური ბერკეტი არ გააჩნია საკუთარი თავის სრულყოფილი განხორციელებისთვის. ყველა სხვა მდგომარეობაში ეს ცნობიერება დათრგუნულია, დაკოდილია - ვერგამთლიანებული სხეულია, რომელსაც სისხლდენა შეიძლება შეუჩერეს, მაგრამ ჭრილობა მაინც პირდაფჩენილი დაურჩა.
საქართველოს სხეული, ერთი მხრივ, ამპუტირებული სხეულია, რომელსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით მოკვეთილი აქვს ორი მნიშვნელოვანი ორგანო. მეორე მხრივ კი, უფრო ზუსტი მეტაფორა იქნებოდა, გვეთქვა, რომ ქართული სხეული ორგანიზმია, რომელსაც სეპარატისტების, “არაქართული“ ელემენტების სახით, სხეულის გარკვეულ ნაწილებში სიმსივნე ჭამს. მთავარი პრობლემა კი, ამ შემთხვევაში ისაა, რომ პრობლემა მარტო ამ ორი დასნეულებული ორგანოთი არ შემოიფარგლება. ქართულ სხეულს ბევრი სხვა სიმსივნეც სჭირს - რელიგიური, სექსუალური... ამას ემატებიან ის ეროვნული - სომხური, აზერბაიჯანული - უმცირესობები, რომლებთანაც ან საერთოდ არ ვურთიერთობთ ან მხოლოდ სეპარატიზმის პარანოიის რეჟიმში. როცა მამაო ამბობს, რომ ქართველი გეი არ არსებობს, იგი მართალია, რადგან მისეული ქართული სხეული ამ “ბაქტერიისადმი“ იმუნურია და თუ იმუნური არაა, უნდა გახდეს. როცა ქართული ოცნების მაჟორიტარი აცხადებს: “საქართველო ქართველებისთვის“ და როცა ზოგიერთნი ისტერიკაში ვარდებიან ახალციხეში შარლ აზნავურის ჩაყვანის გამო, არც ამ და არც მამაოს შემთხვევაში მართალია ბომბებს არავინ ისვრის (თუმცა კი ერთი-ორი მუშტი და ჯვარი შეიძლება გაიქნიოს), მაგრამ ცნობიერების, ყველაზე საფუძველმდებარე და ელემენტარული ყოველდღიური მიდგომების დონეზე, ეს მართლაც რომ მუდმივი საომარი მდგომარეობაა, რადგან საქმე გვაქვს ბაქტერიებად აღქმული ელემენტების აღმოფხვრის დაუსრულებელ პროცესთან. და ეს პროცესი სწორედ იმიტომაა დაუსრულებელი, რომ ბაქტერიებთან მებრძოლი ტოტალიტარული ცნობიერება ყოველთვის ახალ-ახალ ბაქტერიებს იპოვის, რომლებიც მის სხეულში ჩაიბუდებენ და მის მთლიანობასა და სიჯანსაღეს დაემუქრებიან. ასეთი ცნობიერება კი ყოველთვის სიმპათიით განიმსჭვალება ისეთი ომის მიმართ, რომელიც გეოგრაფიულ სინამდვილეში გააკეთებს იმ საქმეს, რასაც თვითონ საკუთარ ცნობიერებაში აკეთებს ყოველწამიერად. ამიტომაა, რომ, თუნდაც გარდაუვალი ყოფილიყო რუსეთის მაქინაციების გამო სამხრეთ ოსეთთან ხელახალი დაპირსპირება, 2008 წლის აგვისტოს იმ საღამოს, როცა ქართულმა ჯარმა სამხრ. ოსეთის უმეტესი ნაწილი დაიკავა, დანარჩენი ქვეყანა სრულ ეიფორიასა და სიამაყეს მოეცვა; იმ საათებში ყველა ჩვენთაგანს ჩვენს ქართულ სხეულში არსებული ჭრილობა გაგვიმთლიანდა - ვიღაცას, იმიტომ რომ უფროსი თაობის წარმომადგენელია და აფხაზეთში ან აგარაკი ჰქონდა ანდაც ყოველ წელს იქ ისვენებდა; უმცროსი თაობის წარმომადგენელს კიდევ იმიტომ, რომ, თუნდაც არასოდეს ჰქონდეს ნანახი აფხაზეთი ან ოსეთი, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ისეთი სახელმწიფოს მოქალაქეობაში გაატარა, რომლის სხეულსაც ორი მოჩვენებითი კიდური აბია, თან რომ ეკუთვნის და თან - არა; ისეთი კიდური, ამპუტაციაგავლილი პაციენტები რომ გრძნობენ ამპუტირებული კიდურის ადგილას დარჩენილ სიცარიელეში.

რას ვთავაზობთ აფხაზებს და ოსებს? რა ბერკეტები აქვს მათთან ურთიერთბაში ქართული საზოგადოების უმრავლესობისნაირ ტოტალიტარულ ცნობიერებას? განსხვავებულის ტოტალობაში ინკლუზია (ჩართვა) თუ განადგურება? ინკლუზია ასიმილაციის სახით ანუ სხვაობის წაშლა თუ საკუთარი ტოტალობის შენარჩუნება სხვაობის ფიზიკურად განადგურების გზით? ყველაფერი ისევ იმ ერთი შეხედვით პათეტიკურ მომენტამდე დადის, რომ, რაც არ უნდა “მშვიდობიან გზებზე“ იყოს საუბარი, არანაირი რადიკალურად განსხვავებული გამოსავალი არ იარსებებს, სანამ იმ ტეროტირიებზე მცხოვრებნი ადამიანებად არ იქნებიან აღქმულნი. სანამ ყველაფერი მხოლოდ “ტერიტორიების დაბრუნების“, ამ წმინდად გეოგრაფიული მიზნის, გარშემო იტრიალებს, არანაირი ადგილი არ გამოჩნდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და რომლებსაც, თუ ისინი შენთვის მართლაც ღირებულები არიან, ავტომატებითა და ბომბებით ასე ადვილად არ და ვერ გადაჯეგავ. მაგრამ არც მაინცდამაინც იარაღის კაკანია საჭირო საამისოდ. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული აკადემიური წრეების მიერ შექმნილი, “მთებიდან ჩამოთრეულთა“ ისტორიული დისკურსი თუ ეთნიკური სისუფთავის დისკურსი თავისთავად უკვე ის იარაღი იყო, რომელმაც პირწმინდად წაშალა იმ ადამიანთა სახეები და ისინი რაღაც ანონიმურ ფიზიკურ საგნებად აქცია, რომელთა გადათელვაც შემდეგ მხოლოდ გეოგრაფიული დისტანციის გადალახვის საქმეღა გახდა.
ამდენად, პრობლემა არა მხოლოდ აგვისტოს ომი ან მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმია. საქართველოს დაკოდილი სხეული, რომლისთვისაც ყველაზე დიდი კოშმარი ერთ მშვენიერ დღეს გეოგრაფიულ ატლასებში საქართველოს რუკის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გარეშე რეპროდუქციაა, სინამდვილეში ისეთ “გამთლიანებას“ ესწრაფვის, რომელსაც ვერც ამ ტერიტორიების ხელახლა შემოერთება უშველის. რადგან ეს ქართული სხეული არა მარტო ეთნიკურ ბაქტერიებს ებრძვის, არამედ საკუთარი ეთნიკური “სისუფთავის“ წიაღშიც კი უწევს უკვე სხვა - სექსუალურ, რელიგიურ -ბაქტერიებთან ომი. და ასე უსასრულოდ. ამდენად, ისმის კითხვა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომც დაბრუნდეს საქართველოს (ქართული იურისდიქციის ფაქტობრივ) შემადგენლობაში, მივიღებთ კი “მთლიან“ საქართველოს? საბოლოო ჯამში, ეს ორი კიდური ხომ რეალურად ერთგვარი პროტეზი იქნება, რომელსაც ქართული სხეული იმ ადგილებში მიიწებებს, რომლებიც მან საკუთარი ტოტალიტარული უგუნურებისავე გამო მოიკვეთა, ისევე როგორც დღეს იკვეთს ყოველდღიურად ათასნაირი სახის სოციალურ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს, რომლებიც მისავე წიაღში არსებობენ?
მაგრამ, მეორე მხრივ, განა ცუდი იქნება ეს პროტეზული, არაორგანული მთლიანობა? სად არის სინამდვილეში ის ორგანული, ბიოლოგიური, მიწისა და სისხლისგან გამკვრივებული მთლიანობა, რომელსაც, მეტაფორულად თუ პირდაპირი გაგებით, ყველა სფეროში ეძებს ქართული ცნობიერება? განა ეს მთლიანობა ისედაც მრავალი შეერთებული პროტეზისგან არ შედგება, რომელთაც არანაირი რეალური გამაერთიანებელი ორგანული ცენტრი არ გააჩნიათ, გარდა იმ მუდმივი აგრესიული ფიქციისა, რაც ქართველობის რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური თუ სხვაგვარი სისუფთავის სახით გვახვევია თავს და რაც ყველაზე დიდი პროტეზია, რომელიც ჩვენს რეალურ სიცარიელეს სისავსისა და შინაარსიანობის ილუზიას უქმნის? რა თქმა უნდა, სხეულიც, ორგანიზმიც და პროტეზიც ამ შემთხვევაში მხოლოდ მეტაფორებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებას მართლაც უდგას ორგანულობისა და მთლიანობის პრობლემა, რომლის გადაჭრაც მუდმივად ერთი მიმართულებით - ტოტალიზაციით, გაერთგვაროვნებით - სურს და არც კი ცდილობს, რეალობის ცოტათი უფრო კომპლექსური სურათით იხელმძღვანელოს და დაუშვას, რომ სხეულმა მაშინაც შეიძლება სრულფასოვნად იფუნქციონიროს, როცა ის ორგანულად მთლიანი არაა. თუ გვეყო იმის გამბედაობა და გამძლეობა, რომ ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებს შევაჩვიოთ საკუთარი თავი და სეპარატიზმის აღმოფხვრის დისკურსი მაინცდამაინც იმ “ძმობასა“ და სიყვარულზე (ისედაც ფარისევლური და უშინაარსო) აპელირებით არ გავჭყიპოთ, რომელიც უცხოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთადერთ, საკმაოდ უტოპიურ, გზად გვესახება, მაშინ იმისგანაც დაზღვეულები ვიქნებით, რომ ამ უზომო სიყვარულმა (კვლავ) დესტრუქციული სახე არ მიიღოს ხოლმე და სიყვარულის ობიექტის სრულ შეჭმამდე არ მიგვიყვანოს. როგორც ქართველს არ უყვარს ყველა სხვა ქართველი და ძალიან ბევრი მათგანისგან შეიძლება დიდ დისკომფორტსაც კი გრძნობს, ისევე არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, ალისა და ნინოს ქანდაკების მსგავსი ორგანული სასიყვარულო ურთიერთშერწყმა მოხდეს ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობაში. ალბათ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი სახეების ყურება და ამ სახეებში ადამიანების ამოცნობა. იმ ადამიანის პატივსაცემად, რომელიც უშუალოდ არც შენს სანათესაოს და არც შენს სამეგობრო წრეს არ მიეკუთვნება, ისიც საკმარისია, რომ ტანკებით არ გადათელო და არც ჯვრები და მუშტები ურტყა. დანარჩენი - სიყვარულისა და ძმობის ფიცება - ფარისევლობაა, რომელსაც თავისივე უშინაარსობის გამო, როგორც უკვე მრავალჯერ ვნახეთ, მალი-მალ ძალიან მარტივად წაუცდება ხელი ბომბებსა და ტყვიებზე.